დღეს გამთენიისას, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების Minehunter-ის ტიპის ხომალდი „TCG AKCAKOCA“ შემოვიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან, იასინ თემიზქანთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, თემურ კვანტალიანთან ერთად ავიდა. თავდაცვის მინისტრმა ხომალდის ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმა მოისმინა და დილის 7 საათზე სამძებრო ღონისძიებაში უშუალოდ ჩაერთო.
4 საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი წვრთნების დროს დაკარგული სამხედროების მშობლებს და ნათესვებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს სულ მცირე 3 დღის განმავლობაში გააგრძელებს. მინისტრის თქმით, თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ თუ შედეგი არ იქნება სამძებრო ღონისძიებები აუცილებლად გაგრძელდება.
„მე გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს. არის ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი და პროფესიონალები თავიანთი საქმის. ხომალდი აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიების აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. მზაობა არის ძალიან დიდი. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული შედეგი არ იქნება სამძებრო სამუშაოები გახანგრძლივდება“, - განაცხადა თავაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის, იაგო შარაძის მშობლებს პირადად გაესაუბრა. ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამძებრო ღონისძიების პროცესების გაცნობა ადგილზე სთხოვა. ლევან იზორიამ ვლადიმერ შარაძეს სამძებრო სამუშაოებზე დაკვირვება, უშუალოდ თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე დაპირდა.
თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების 650 ტონიანი Minehunter-ის ტიპის ხომალდი სიღრმეში სამძებრო ღონისძიებებს ასრულებს. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და ჰიდროლოკაციური სისტემებით არის აღჭურვილი. თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს დაახლოებით 200 მეტრი სიღრმის და 350 მეტრი მანძილის რადიუსზე აწარმოებს.