„დავასრულოთ ერთთმანეთთან ჩხუბი, აუცილებლად უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, ქვეყნის განვითარების იდეის გარშემო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარნეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა საქართველომ მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სტაბილური, შეუქცევადი განვითარების წინაპირობას შექმნის.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ძირეულ ცვლილებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარნეულში და კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოს ბეღელი. ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მარნეულელებისთვის და შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ არასოდეს ექცეოდა საქართველოში სოფლის მეურნეობას იმხელა ყურადღება, როგორიც დღეს. დღეს გამრჯე ადამიანს შეუძლია უამრავი სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, წამოიწყოს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი", -აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა გახდა წინაპირობა იმისა, რომ დღეს ქვეყანას განვითარების გრძელვადიანი ხედვა გააჩნია. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრედ მისი მრავალფეროვნება და მრავალეთნიკურობა დაასახელა.
„მარნეული არის მდიდარი რეგიონი, საქართველო კი მდიდარი იმით, რომ ჩვენ ასეთი მრავალფეროვანი, მრავალკულტურული რეგიონები გვაქვს. ჩვენ ამით მხოლოდ და მხოლოდ მდიდრები ვართ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ძმობა, ის მეგობრობა, ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებს შორის, რომელიც წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიას, სხვადასხვა კულტურას, მაგრამ არიან ერთი ქართული სახელმწიფოებრიობის შემადგენელი ნაწილი", - განმარტა პრემიერმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მოსახლეობას გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ერთობით, ერთსულოვნებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ყველა ერთად გაიმარჯვებს.
„ეს არ იქნება მხოლოს ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება - ეს იქნება სრულია საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნება" ის ერთადერთი პოლიტიკური გუნდია ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობები, ყველა პრობლემა მოაგვაროს. ჩვენ უამრავი პროექტი, რეფორმა განვახორციელეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ბატონმა პრემიერმა ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით - ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს ვართ კმაყოფილები. არა, მეგობრებო, ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, რაც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მარნეულის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თამაზ ნავერიანმა და რუსლან გაჯიევიმ.
თამაზ ნავერიანის განცხადებით, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, იყოს „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი თავისუფლება და კეთილდღეობა.
„დღეს უკანონოდ არავინ იჩაგრება, არავის ართმევენ ბიზნესს, არავის ართმევენ თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლებას. ეს ჩვენი, ყველას ერთად მონაპოვარია. მარნეულის რაიონი მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური რაიონია. სწორედ აქ არის ჩვენი სიძლიერე, ჩემი მთავარი გზავნილიც ის იქნება, რომ ყველა ეროვნების მოქალაქის უფლება იქნება დაცული და გექნებათ თანაბარ პირობებში განვითარების საშუალება. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მოვახმარე მარნეულის რაიონში არა მარტო სპორტის განვითარებას, არამედ, მომავალ თაობებს შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებას. 8 ოქტომბერს ჩვენ ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას", - აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.