„დღეს, ორივე მხრიდან, შეხვედრის დადასტურება და ქალბატონი ელჩის მიერ ხმამაღლა გაცხადებამ, რომ ის და აშშ არ მოუწოდებენ საქართველოს ომში ჩართვისკენ და სხვა, ამდაგვარი, საქართველოსთვის დამაზიანებელი და კატასტროფული ნაბიჯებისკენ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ვითარების გასაჯაროებამ, გარკვეულწილად, მოხსნა დაძაბულობის ფონი და ბუნდოვანება“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეულწილად, საზოგადოებაში კითხვები მაინც რჩება, თუმცა, მთავარია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ დაზიანდეს.
„დიდი, გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია. აშშ-ის ელჩის ამ განცხადებებმა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ვითარება განმუხტა. რა თქმა, უნდა, გარკვეულწილად, კითხვები რჩება და ისინი საზოგადოებაში კიდევ დიდი ხანი იტრიალებს, მაგრამ უკვე ღიად დაფიქსირებული პოზიცია აშშ-ის ელჩის მიერ, ვფიქრობ, გარკვეულწილად, ამ ვითარებას განმუხტავს. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა დაზიანდეს ის გენერალური ხაზი, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია - აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა და ევროკავშირისკენ მისწრაფება. ეს არის ის, რაც არ შეიძლება, სასწორზე დაიდოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.