logo_geo
eng_logo
8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
- +

20 აგვისტო. 2016. 16:32


19 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.


ასევე 19 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მერის და თვითმმართველი თემის  გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.


გადაწყვეტილება საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 აგვისტოს სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე დამტკიცდა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები ორივე არჩევნებისთვის. 


საკრებულოს შუალედური, ასევე მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და  გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.


საერთო ჯამში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 106  საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე.



იქიდან გამომდინარე რომ,  საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს,  ცესკომ  განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეებისთვის; მათ შორის დამკვირვებლების და მედიის არჩევნებში მონაწილეობის წესი:

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო/ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია (თუ ამავე ოლქის საზღვრებში იმართება რიგგარეშე/შუალედური არჩევნები) და მათი დამკვირვებლები, უფლებამოსილი არიან ხელახალი რეგისტრაციის გარეშე დააკვირდნენ რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებს.


საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები, უფლებამოსილი არიან  რიგგარეშე/შუალედური არჩევნების პროცესში, ხელახალი აკრედიტაციის გავლის გარეშე განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner