logo_geo
eng_logo
ცესკო-ს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
- +

20 აგვისტო. 2016. 16:58


ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის შესახებ პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და შეფასებებს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


 

 

„გვინდა, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და ცალკეულ შეფასებებს, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოსაზრებები არ ემყარება დადასტურებულ გარემოებებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მშვიდ გარემოში. 

 

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას, რისთვისაც ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა:

• უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებსა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესს;

• არ დაუშვან რომელიმე პოლიტიკური მხარის მონაწილეობა და ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

• გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ კანონმდებლობით, პატივი სცენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ პრინციპებს;

• გაითვალისწინონ პროცესისადმი ინტერესი და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გაასაჯაროვონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგები.

 

 

ამასთან, გვინდა მივმართოთ პოლიტიკურ სუბიექტებს და სხვა ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესის კანონიერ ჩარჩოებში წარმართვას, არ დაუშვან კომისიის საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა, არ გააკეთონ ისეთი შეფასებები, რომლებიც არ ემყარება ფაქტობრივ მასალებსა და გარემოებებს და რომელმაც შესაძლოა დამაზიანებლად იმოქმედოს პროცესის სანდოობაზე.

 

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი, რათა აქტიურად დააკვირდნენ ზემოაღნიშნულ პროცესს და ხელი შეუწყონ მის ღიაობას და ობიექტურ ასახვას", - ნათვქმია ცესკო-ს განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner