ავტორი ბიძინა დვალი
(დასასრული)
ფაქტების ერთობლიობას იმ პირველ მთავარ დასკვნამდე მივყავართ, რომ დღეის მდგომარეობით ნაცოპოზიციისა და ყველა მისი ქვედანაყოფისა და დანამატის არაფორმალური მმართველია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. ანუ, ბოლო წლების ანტისახელისუფლებო, ქართველი ხალხის მიერ რვაგზის გამოხატული ნების საწინააღმდეგო მოძრაობის არაფორმალური ლიდერია „ვაშინგტონის კრემლის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი;
მას ეს უფლებამოსილებები გადაეცა მისი წინამორბედი ელჩის, იან კელისგან;
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მისი და მისი დანამატებისა და ქვედანაყოფების არაფორმალური მმართველები იყვნენ აშშ-ის ელჩები: ჯონ ბასი, ჯონ ტეფტი, რიჩარდ მაილსი. მანამდე, „მოქალაქეთა კავშირის“ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფის (ნაცმოძრაობის წინამორბედის) მართვა ებარათ ელჩებს კენეტ იალოვეცსა და უილიამ კორტნის;
გამონაკლისია რიჩარდ ნორლანდი (2012-2015), რასაც თავისი ახსნა აქვს. ნაცპროექტის ავტორებისთვის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის პირველ პერიოდში მთავარ ამოცანას „ნაცმოძრაობის“, როგორც პარტიის გადარჩენა წარმოადგენდა, ამიტომ არჩევანი გაკეთდა რბილი ურთიერთობის გეგმაზე (თუ შეიძლება ასე ითქვას), რომლის მიზანიც დროის მოგება და განწყობების გადაგორება იყო;
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ფორმით პოლიტიკური და არსით კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც მხილებულია ქვეყნის წინაშე ჩადენილ მრავალ სისტემურ დანაშაულში (მკვლელობა, ძარცვა, ძალადობა, წამება და სხვ.), აგრეთვე, სახელმწიფო ღალატში (რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის მიზანმიმართული გადაცემა, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა და სხვ.);
ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ ამ ორგანიზაციის ხელისუფლებაში მომყვანი და მის მართვაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და სტრუქტურა, აგრეთვე, აღნიშნული დანაშაულების „ვერდამნახველი“ და მათი შეფუთვით დაკავებული ყველა ინდივიდუალური თუ კოლექტიური სუბიექტი;
საქართველოს ყველა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ღია და გაცხადებული სტრუქტურული ქვედანაყოფებია, ფინანსდება ამერიკელი გადამხდელების ფულით;
საქართველოში ათწლეულების მანძილზე მოქმედი ამერიკული მძლავრი და ავტორიტეტული ინსტიტუტები (განსაკუთრებით NDI და IRI), პრონაცური ინტერესების გამომხატველ სუბიექტებს წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ, ამ ანტიდასავლური წარმონაქმნის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ოპოზიციაში იძულებითი გადაბარგების შემდგომაც;
საერთაშორისო პოლიტიკური სინდიკატი, კრებსითი სახელით - „დასავლეთი“ - რომლის გამოკვეთილი ლიდერიც ამერიკის შეერთებული შტატებია, წლების განმავლობაში მფარველობას უწევდა და უწევს საქართველოსა და საერთაშორისო სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ პირებს, სააკაშვილსა და მისი პოლიტიკური მაფიის წევრებს, ადეიშვილს, კეზერაშვილსა და სხვებს, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში ექმნებოდათ სასათბურე პირობები საქართველოს ბიუჯეტიდან და კერძო ბიზნესიდან ნაძარცვი მილიარდების ბრუნვისთვის და საქართველოში ანტისახელმწიფო პროცესების მართვისთვის, რომლის მძლავრ მექანიზმადაც გამოიყენებოდა და გამოიყენება ამ ნაძარცვი ფულით დაფინანსებული, სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული მედიასაშუალებები;
საერთაშორისო პოლიტიკური სინდიკატი, კრებსითი სახელით - „დასავლეთი“ - რომლის გამოკვეთილი ლიდერიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ღიად ებრძვის არაადამიანური და სრულიად ანტიდასავლური ნაცრეჟიმის დამარცხებისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე შედგომის მთავარ ფაქტორს, მთავარ გმირს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ამ ბრძოლისთვის იყენებს ყველა აკრძალულ (მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელმყოფელ) ხერხს და მეთოდს;
დავუბრუნდეთ ისევ ქალბატონი კელი დეგნანის „მოღვაწეობას“:
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს, დიპლომატიის ცოდნისა და უნარებისგან სრულიად თავისუფალი მაღალი რანგის პერსონა, ტიპიური სამხედრო ოფიცერი, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, სულ იმის ფიქრში ათენებდა და აღამებდა, რომ როგორმე ხელისუფლებაში დაებრუნებინა „ჩვენი ნაძირალების“ ბოროტი და მავნებელი ძალა.
წარმოდგენილი ანალიზის მეორე მთავარი დასკვნა ის არის, რომ პოლარიზაცია სწორედ იმათ ინტერსშია, ვინც „ასე დაჟინებით“ ითხოვს დეპოლარიზაციას. აღნიშნულ დასკვნას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს საფუძვლად - არეულობის ორგანიზება და რევოლუციური სცენარის რეალიზება მხოლოდ პოლარიზებულ გარემოში არის შესაძლებელი.
ერთ მნიშვნელოვან გარემოებას მინდა მივაქციო მკითხველის ყურადღება - ამ დღეებში ერთმა ოპოპერსონამ „ოცნების“ ხელისუფლებას ანტიამერიკულ გამოხტომად ჩაუთვალა, უკვე გამოსამგზავრებლად გამზადებული (დეგნანამდე) ელჩობის კანდიდატის მიღებაზე უარი. უარყოფილი კანდიდატი გახლდათ ქალბატონი ბრიჯიტ ბრინკი. ცნობილია დაბლოკვის ოფიციალური მიზეზიც - „ნაცმოძრაობის“, ანუ მკვლელი და მწამებელი პარტიის მიმართ „ზედმეტი კეთილგანწყობა“. ეს ბრიჯიტ ბრინკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს უკრაინაში. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიმართ აშშ-ში ერთნაირი „მიდგომებია“ შემუშავებული. ბრიჯიტ ბრინკი საქართველოს მთავრობას რომ არ დაებლოკა, არ არის გამორიცხული უკრაინაში ელჩი კელი დეგნანი გამხდარიყო.
ქალბატონ დეგნანს, მთელი მისი „მოღვაწეობის“ პერიოდში, „გვერდს უმშვენებდა“ ცნობილი ფულის მონის, ქართველთმოძულე კარლ ბილდტის ხელის ბიჭი, კარლ ჰარცელი. ეს გახლავთ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს როლი ერთი დიდი საერთაშორისო გეგმის ფარგლებში იყო განსაზღვრული.
„შეთქმულების თეორიებზე“ მოქილიკეები, ალბათ, შემთხვევითობას დააბრალებენ იმას, რომ ერთმანეთს „ჰარმონიულად ენაცვლება და ავსებს“: ქართველი რადიკალების, აგრეთვე ამერიკელი გადამხდელების ფულით დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ომის პროპაგანდა; უკრაინელი „პოლიტიკოსების“ მოწოდებები სოხუმსა და ცხინვალში „გასეირნებასთან“ და მსხვერპლის ქართველ ქალებსა და ბავშვებზე გადანაწილებასთან დაკავშირებით; მათივე მხრიდან, ჩვენი ქვეყნისთვის ღია და საჯარო შეურაცხყოფის მოყენებისა და საერთაშირისო დონეზე ავტორიტეტის შელახვის მიზნით, ელჩის გაწვევა და შემდეგ გადაყენება; ბრალდებები რუსულ „შავ ხვრელებში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით; ევროკავშირის კანდიდატობის არავისთვის არაფრის მომცემი (ობიექტურად) თემის შემოგდება; ევროპარლამენტის ყოვლად სამარცხვინო და მისი ავტორებისთვის თავსლაფდამსხმელი ე.წ. რეზოლუცია; ევროკომისიის ასევე სამარცხვინო უარი და უკრაინისა და მოლდოვასგან, ყველა ობიექტური მონაცემით, მათზე წინ მყოფი საქართველოს ყოვლად აუხსნელი გამიჯვნა; შვეიცარული ბანკის თავისი და ქვეყნის იმიჯის საზიანო „მანევრირება“ ბიძინა ივანიშვილის სამართლიან, სასამართლოს ძალით გამყარებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით; აკერმანის ტრენინგები; აგრეთვე, აშშ-ის ელჩის მხრიდან ცალკეულ მოსამართლეებზე და მთლიანად, სასამართლო სისტემაზე ზეწოლის უპრეცენდენტო მცდელობები; საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველა კომენტარში ხაზგასმით გამოხატული უპატივცემულობა, ფარული მუქარა და დაუფარავი სიძულვილი;
ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და მას შემდეგ, ზემოხსენებული ელჩების ტენდენციური „მოდერატორობა“ დესტრუქციისა და არეულობების ორგანიზების შემადგენელ ნაწილად შეფასებულ ანტისახელისუფლებო მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებში, ნაცკრიმინალების ციხიდან დახსნით დაწყებული და არეულობის შემზადებისთვის მოგონილი 43%-იანი ბარიერით დამთავრებული; არჩევნებამდე ორი დღით ადრე სააკაშვილის ჩამოყვანა, „ოცნების“ მიერ ბარიერის ვერდაძლევის იმედითა და რევოლუციური პროცესის აგორების სურვილით;
მანამდე - იან კელისა და კელი დეგნანის მხრიდან ნაცრეჟიმის „მეორედ მოსვლის“ შემზადების პარალელურად, ხელისუფლებისთვის ხელის შეშლის ათასგვარი მცდელობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით (აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლო ათ წელიწადში გამოქვეყნებულ სამოცდაათზე მეტ წერილში არაერთხელ მისაუბრია).
ხელოვნური ბარიერების შექმნას ყოველთვის ის მარტივი გათვლა ედო საფუძვლად, რომ რაც ხელისუფლებას აძლიერებს, მათი ფავორიტების წარმატების შანსებს ამცირებს.
ბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა საშუალება მომცა, კიდევ უფრო განმევრცო ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტების ჩამონათვალი და გამემყარებინა შესაბამისი დასკვნები:
საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა, ძირითადად, ამა თუ იმ ფორმით მრავალ ბრუნვაში დატრიალებულ ოთხ მესიჯს ემყარებოდა, ანუ ხელისუფლებაზე ზეწოლა მიმდინარეობდა ოთხი მიმართულებით - სანქციებთან მიერთება; მოხალისეების გაგზავნა; საჰაერო სივრცის დაკეტვა; სოხუმსა და ცხინვალში „გასეირნება“.
პროცესში ჩართული იყო - ნაცოპოზიცია სრული შემადგენლობით; ნაცარასამთავრობოები; ნაცტელევიზიები; რევოლუციის ექსპერტი; უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება; რამდენიმე დასავლელი ექსპერტი და ჟურნალისტი; ევროპარლამენტარების დიდი ჯგუფი; ევროპის სახალხო პარტია; მთლიანად ევროპარლამენტი (სამარცხვინო რეზოლუციით); ევროკომისია; შვეიცარიის ბანკი და სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ქვედა დინება.
წინა აბზაცში ჩამოთვლილ სუბიექტთა მრავალფეროვნებასა და სხვა მრავალ ფაქტობრივ გარემოებას, რომელზეც ამ და წინა რამდენიმე წერილში მქონდა საუბარი, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცენტრი ვაშინგტონში მდებარეობს. აღნიშნული დასკვნა საკმარისი პირობაა იმ მეორე დასკვნისთვის, რომ ელჩი დეგნანი, როგორც ვაშინგტონის წარმომადგენელი, უშუალოდ იყო ზეწოლის მთავარი განმახორციელებელი პირი.
გარდა ამისა, ქართულ საჯარო სივრცეში დაგროვილი ღია თუ კულუარული ინფორმაცია, განსაკუთრებით სოზარ სუბარისა და მისი მეგობრების მიერ „შიგნიდან“ გამოტანილი ამბები; აგრეთვე „ურჩი“ ხელისუფლების დამხობის გეგმებში ქალბატონი დეგნანის როლი, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ათზე მეტი პუბლიკაცია მივუძღვენი; მისი შეურაცხმყოფელი გამოხტომები, მისი რეაქციები, მისი ხაზგასმული სიმპატიები ომის პროპაგანდისტთა მიმართ და ხაზგასმული მტრული დამოკიდებულება „ოცნების“ ლიდერების მიმართ - ერთმნიშვნელოვნად იძლევა იმ დასკვნის საშუალებას, რომ მისი ჩართულობა იყო განსაკუთრებული და გამორჩეული.
უფრო კონკრეტულად, იხატება ასეთი სურათი: ქალბატონი დეგნანი უშუალოდ მიეჭრა „გაჯიუტებულ“ ირაკლი ღარიბაშვილს და მოსთხოვა იმ მექანიზმებიდან რამდენიმეს ამუშავებას, რაც მეორე ფრონტის გახსნის საფუძველი გახდებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამას აკეთებდა მაგიდაზე მუშტების ბრახუნით. მთავრობის მეთაურიდან მტკიცე უარის მერე, სასწრაფოდ „ესტუმრა“ ბიძინა ივანიშვილს და ახლა მას მოსთხოვა, ეიძულებინა მთავრობა, დაეკმაყოფილებინა „დიდი ამაგის მქონე უფროსი ძმის“ მოთხოვნები. ბატონი ბიძინას განმარტების მერე, რომ პოლიტიკიდან გასულია და ამას ვერ გააკეთებდა, კიდევ უფრო გაჯიქებულმა „დიპლომატმა“ მისგან მუქარით მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და მორჩილად შეესრულებინა ყველა ის დავალება, რომელსაც „სტატეგიული პარტნიორისგან“ მიიღებდა.
განმეორებითი უარის შემდეგ, როცა მეორე ფრონტის გახსნის ყველა იმედი გადაეწურა, პატივცემული ელჩი მუქარების აღსრულებაზე გადაერთო, რაც ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების დაბლოკვაში გამოიხატა, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლების დამხობის მიზნით რევოლუციური სცენარის ორგანიზებაში.
საბედნიეროდ, ქართველი ხალხი მომზადებული დახვდა ყველა გამოწვევას.
ჩვენი მიზანია, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ შეცვალოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ქართველი ხალხისთვის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, ამოშალოს თავისი გეგმებიდან ნეოკოლონიალისტური ზრახვები. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თანასწორი სახელმწიფოებია, ვაღიარებთ მის განსაკუთრებულ როლს მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით. მაგრამ სხვაა თანასწორუფლებიანობა, ეს გახლავთ მეგობრობისა და პარტნიორობის, საერთაშორისო პროცესებში ღირსეული მონაწილეობის მთავარი საფუძველი. დიახ, თანასწორუფლებიანობის აღიარება და პატივისცემა უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობის ურყევი პირობა. სწორედ ამას ვითხოვთ და მოვითხოვთ.
საქართველოს შეუძლია კარგი პარტნიორი იყოს, თუ მეორე მხარე თავისი ხელით არ მოკლავს ამ შანსს.
ბიძინა დვალი
29.07.2022 წ.