„მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება და რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ. ყველაზე პესიმისტურ სცენარსაც განვიხილავთ. შესაბამისად, ყველა სცენარისთვის ვემზადებით. იმ სიტუაციაში, თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ჩვენ ცხადია, მოვითხოვთ დახმარებას“, - აღნიშნა მაია სანდუმ.
28 ივლისს, მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 60 დღით გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება სპეციალური უფლებამოსილებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგების მოსაგვარებლად.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ პარლამენტარებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის მუდმივ რისკებსა და უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადის მართვის აუცილებლობას.
„უკრაინაში ომის გამო, მოლდოვისთვის რისკები კვლავ მაღალია. მთავრობას დამატებითი უფლებამოსილებები სჭირდება“, - აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.