ავტორი მარიამ პაიჭაძე
პარტიას „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" შეუერთდნენ „სახალხო ხელისუფლება", „ქართული იდეა" და „ქალთა პარტია" და საარჩევნო ბლოკი შექმნეს. ლევან ჩაჩუამ წესდების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლალი მოროშკინა და სანდრო ბრეგაძეც გაემიჯნენ ახალშექმნილ საარჩევნო ბლოკს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „რეპორტიორი" დეპუტატ თამაზ მეჭიაურს ესაუბრა. პარლამენტის წევრმა დაადასტურა, რომ სანდრო ბრეგაძე და ლალი მოროშკინა საარჩევნო ბლოკს არ შეუერთდნენ და აღნიშნავს, რომ მათ ლევან ჩაჩუას მოსაზრება გაითვალისწინეს.
„საარჩევნო ბლოკში არ გაერთიანდა ლევან ჩაჩუა, რომელმაც თავის დროზე გამოაცხადა ბლოკში გაერთიანებისთვის მზადყოფნა. ბლოკი შედგებოდა ოთხი სუბიექტისგან, რომელთაგან სამმა ხელი მოაწერა ბლოკის წესდებას გაერთიანების შესახებ, ხოლო მეოთხემ უარი თქვა მასზე. რაც შეეხება სანდრო ბრეგაძესა და ლალი მოროშკინას, ისინი კოალიციის წევრები ჯერ არ ყოფილან, იმიტომ რომ კოალიცია არ იყო შექმნილი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ მათ მხარი დაუჭირეს ლევან ჩაჩუას ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.