შინაგან საქმეთა მინისტრმა გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილას ჩასულმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მათი მეგობრებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. იცით, რომ [ბორტზე] 6 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. ძალიან ცუდი უბედური შემთხვევა მოხდა. კადრებიც გავრცელდა. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ მართვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად“, - განაცხადა მინისტრმა.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.