„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მედიკოსები ემსხვერპლნენ“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილის წერს. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას - ადამიანების გადარჩენის ოპერაციის დროს დაიღუპნენ. მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. ეს ტკივილი და მწუხარება საერთოა. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თანამშრომლებს. ისინი გმირები არიან. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, - წერს პაპუაშვილი.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.