„უდიდესი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სამაშველო ღონისძიების დროს დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მედიკოსები, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები“, - ამის შესახებ კახა კალაძე წერს. თბილისის მერის განცხადება მის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!“ - წერს კალაძე.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.