აშშ-ის საელჩო გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება”, - აღნიშნულია განცხადებაში.
გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.