„გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გუდაურთან, კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ქვეყანაში უმძიმესი წუთებია! სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს! გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.