ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც დღეს გუდაურთან ჩამოვარდა, 35-წლიანი სტაჟის მქონე მფრინავი ზაზა ლორია იმყოფებოდა. ტრაგედიის შედეგად ლორია ბორტზე მყოფ კიდევ 7 ადამიანთან ერთად დაიღუპა.
ზაზა ლორიას არაერთ გახმაურებულ სამაშველო ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მფრინავის რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე, რისკიან ოპერაციებზე, თავგადასავლებზე ის „იმედის“ მაყურებელს რამდენიმე წლის წინ თავად უამბობდა. „იმედის“ გმირი ზაზა ლორია ცნობილი იყო მდიდარი პროფესიული ბიოგრაფიითა და მრავალი გადარჩენილი სიცოცხლით, მათ შორის, ჰუმანიტარული მისიით აფხაზეთში, სამაშველო ოპერაცით მყინვარწვერზე, ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაცით ბორჯომში.
გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.