logo_geo
eng_logo
CNN: რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ისგან ვიქტორ ბუტთან ერთად ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემაც მოითხოვა
- +

29 ივლისი. 2022. 23:49

 

 

რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ისგან ვიქტორ ბუტთან ერთად ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გადაცემაც მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც CNN იუწყება, რუსულმა მხარემ აშშ-ს აღნიშნული მოთხოვნა მიმდინარე თვის დასაწყისში არაფორმალური არხის საშუალებით გადასცა.

 

წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსული მხარის მოთხოვნა პრობლემატურია, ვინაიდან ვადიმ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის.

 

გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესდა, სურს თუ არა გერმანულ მხარეს, რომ ვადიმ კრასიკოვი აშშ-სა და რუსეთს შორის გაცვლის ნაწილი გახდეს. გერმანული წყაროს განცხადებით, ეს მოთხოვნა გერმანიის მთავრობის უმაღლეს დონეზე არ განხილულა და ვადიმ კრასიკოვის აშშ-სა და რუსეთს შორის პოტენციურ გარიგებაში ჩართვა სერიოზულად არ განიხილებოდა.

 

2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

 

27 ივლისს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს.

 

31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის.

 

2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner