საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.