გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაურში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია - მათ შორისაა ტურისტიც.