გუდაურში დაშავებული პარაპლანის ინსტრუქტორის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გუდაურში დაშავებული პარაპლანის ადვოკატის, დავით ცინცქილაძის განცხადებით, დაშავებულს მრავლობითი მოტეხილობა და ქალა-ტვინის დაზიანება აღენიშნება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
„ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნუგზარი წლებია ამ ექსტრემალური სპორტით იყო დაკავებული. ის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად ითვლებოდა, მაგრამ მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა“, - განაცხადა ადვოკატმა.
გუდაურში დაშავებული პარაპლანის ინსტრუქტორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.