logo_geo
eng_logo
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: აქტიურად უნდა განვიხილოთ ვარიანტი, რომ ყარაბაღის საკითხი გამოეყოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების საკითხს
- +

31 ივლისი. 2022. 01:22

 

 

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის საკითხი მათთვის ტერიტორიული საკითხი არ არის. ეს განცხადება არმენ გრიგორიანმა „არმენპრესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 

„ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოებას და უფლებებს. პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არსებობს იდეა, მთიანი ყარაბაღის საკითხი გამოეყოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების საკითხს, ახლა ჩვენ ეს ვარიანტი აქტიურად უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ, როგორც მოვიქცეთ შემდეგში“, – განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

 

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაჭრის გარეშე მოხდება, არმენ გრიგორიანი პასუხობს: „არის ასეთი იდეაც, მაგრამ ახლა ჯერ ძალიან ნაადრევია რაიმე სახის ფორმულაზე საუბარი“. მან ასევე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხთა უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიას წარმოადგენს რუსული ძალების ადგილზე ყოფნა და დასძინა, რომ ამ გარანტიის შემდგომი გაუმჯობესებისთვის მუშაობაა საჭირო, თუმცა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დემილიტარიზაცია მნიშვნელოვანი იდეაა. მისივე თქმით, სომხეთი დიდწილად მიემართება აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიმართულებით. მისივე განცხადებით, ცნობილია საგზაო რუკა სამშვიდობო დღის წესრიგის რეალიზაციისთვის. ესენია – „სამუშაო აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების დონის გასაზრდელად, რომელიც უკვე დაწყებულია და საზღვრების დელიმიტაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კომისიის მეორე სხდომა დაგეგმილია აგვისტოს მეორე ნახევარში მოსკოვში, ასევე რეგიონული კომუნიკაციების გახსნა“.

 

არმენ გრიგორიანის თქმით, ერევანი დაინტერესებულია რეგიონული კომუნიკაციების გახსნით. გრიგორიანმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ კომუნიკაციების საკითხზე მომუშავე სამმხრივი სამუშაო ჯგუფში არის პროგრესი. კითხვაზე, „აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარება ამ ორ ნაბიჯს ემყარება? რა ელოდება ყარაბაღის სტატუსს?“, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს: „არა, თქვენ მიერ ნახსენები საგზაო რუკისა და სამშვიდობო დღის წესრიგის კულმინაცია არის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა. თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანმა წარმოადგინა ამასთან დაკავშირებით ხუთი პუნქტი, ხოლო სომხეთმა განაცხადა, რომ ამ ხუთ პუნქტში არაფერია მიუღებელი“.

 

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა სომხეთს აზერბაიჯანთან ტერიტორიული პრეტენზიები, გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კანონმდებლობის ნაწილი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას დსთ-ს შექმნის შესახებ შეთანხმებით, რომელიც ხელმოწერილია და რატიფიცირებულია 1991 წელს. დღეს ეს დოკუმენტი, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის კანონმდებლობის ნაწილია. ეს უნდა გამოვხატოთ ორმხრივ დონეზეც და ასეთი პერსპექტივით ჩვენთვის მიუღებელი არაფერია; და დიახ, სომხეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანთან“, – განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner