ფინეთში რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას განიხილავენ, - ამის შესახებ Euronews წერს.
„ფინეთის მთავრობა მზარდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა. მას სთხოვენ, დაკეტოს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარი რუსეთთან და შეაჩეროს სანქციების აშკარა ხარვეზი“, - წერს Euronews.
მედიასაშუალების ცნობით, „ბევრი ფინელი არაა ბედნიერი იმით, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტები ჩადიან“.
ფინეთის ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ „არალოგიკურია, როდესაც უკრაინის მოქალაქეებს, ქალებს, ბავშვებს ხოცავენ და მეორე მხრივ, რუსეთის მოქალაქეები დასვენების დღეებს ევროკავშირში ატარებენ“.
Euronews-მა ერთ-ერთი რუსი ტურისტის კომენტარიც ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ, აკრძალვის შემთხვევაში, იმედგაცრუებული იქნება, რადგან ფინეთი შესანიშნავი ქვეყანაა და მოსწონს მისი ბუნება და ტბები.
კრემლში აცხადებენ, რომ თუ ფინეთი რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემას აკრძალავს, ამას „ძალიან ნეგატიური რეაგირება“ მოჰყვება.