მიკოლაევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელ ანა ზამაზიევას ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დღეს გამთენიას, ქალაქ მიკოლაევში დაახლოებით, 40 რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩემი ქალაქი, გმირული ქალაქი მიკოლაევი მეორე მარიუპოლი ხდება. ღამით მიკოლაევში დაახლოებით 40 რაკეტა გაისროლეს", - წერს ზამაზიევა.
მისივე თქმით, ქალაქში მიზანმიმართულად კლავენ და მოუწოდა მსოფლიოს, რომ არ გაჩუმდნენ.
მედიის ცნობით, 31 ივლისს, 01:00 საათის შემდეგ, 05:00 საათამდე მიკოლაევი მასიური დაბომბვის ქვეშ მოექცა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი, მათ შორის, სასტუმრო, სპორტული ცენტრი, ორი სასწავლო დაწესებულება და ავტოგასამართი სადგური. ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსიც.