სასაზღვრო ავიაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, შამილ ქორთოშიძემ, გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. ის ვარაუდობს, რომ ტრაგედიის მიზეზი ქარი გახდა.
„თხოვნა მაქვს ყველას მიმართ, თავი შეიკავონ ზედმეტი და უაზრო კომენტარებისგან. ზოგი ამბობს, რომ შვეულმფრენი იყო გაუმართავი, თითქოს 50 წელია დაფრინავს, მოძველებულია და რესურსი არ ჰქონდა. ამ შვეულმფრენებს, ყველას რამდენიმე წლის წინ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ჩავთვალოთ რომ გაახლდა. ყოველი გაფრენის წინ შვეულმფრენი მოწმდება საინჟინრო ტექნიკური შემადგენლობისა, შემდეგ ბორტმექანიკოსი ამოწმებს ვიზუალურად, ეკიპაჟის ყველა წევრი ამოწმებს შვეულმფრენს. სამაშველო ოპერაციებში ამ შვეულმფრენს ტექნიკა არ შეედრება, შეუცვლელი ტექნიკაა, მით უმეტეს მთიან რეგიონებში.
მე მგონი ქარი შეიცვალა და უკანა მხრიდან დაუბერა და ცოტათი გადაადგილება მოახდინა შვეულმფრენის. კადრებში ყველაფერი კარგად ჩანს, ამიტომ ზედმეტი კომენტარებისგან ყველამ თავი შეიკავოს და დაველოდოთ საავიაციო კომისიის შექმნას და დასკვნას“, - აღნიშნავს შამილ ქორთოშიძე.