logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები
- +

1 აგვისტო. 2022. 14:40

 

 

„2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ, სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დამატებითი შემოსავლები  უფრო მეტი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს მთავრობას. 

 

„ჩვენ, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად  არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორში და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს,  იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგება, იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება სამინისტროებს, მეტი კარგი ინიციატივები, რომელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ, მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner