ოკუპირებულ ჯავის რაიონში ღორის აფრიკული ჭირის აფეთქება დაფიქსირდა. როგორც რაიონის ე.წ. გამგებელმა ვანდა თიბილოვამ საინფორმაციო სააგენტო „რეს“ განუცხადა, დაავადება რაიონის რამდენიმე სოფელში უკვე გამოვლინდა.
„ჭირის გავრცელება ჩვენთვის დიდი პრობლემაა. ღორების დაღუპვის შესახებ ბევრი სოფლიდან გვატყობინებენ. ითხოვენ აღჭურვილობას გვამების დასამარხად. დაავადება სოფლებში ცრუ, ჩიმასა და სინაგურში გამოვლინდა. სოფელ სინაგურში სავალალო მდგომარეობაა - იქ უამრავი ღორი დაიღუპა. სოფლის გასასვლელთან დამონტაჟდა სადეზინფექციო ბარიერები, ხოლო იმ ადგილებს, სადაც ცხოველები იმყოფებოდნენ, დეზინფექცია უტარდება. ჭირმა სოფლის მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა“, - განაცხადა თიბილოვამ.
მისი თქმით, მოსახლეობასთან პრევენციული საუბრები მიმდინარეობს, რათა მათ ცხოველები გარეთ არ გაუშვან, თუმცა, მან, ასევე, დასძინა, რომ ყველაზე ხშირად მოსახლეობა ამ წესებს უგულებელყოფს და დაავადება სწრაფად ვრცელდება.
დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა აცამაზ თედეევმა სააგენტო „რესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი ცხინვალის რაიონის სოფელ სტირკომშიც დაფიქსირდა. იქ, მისი თქმით, ათი ღორი მოკვდა, დანარჩენი ცხოველები კი ნებაყოფლობით დახოცეს.