პილოტის, შამილ ქორთოშიძის განცხადებით, ზაზა ლორია ძლიერი სპეციალისტი იყო, ვერტმფრენი გამართულად მუშაობდა და მისი აზრით, გუდაურში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ქარის უეცარი ცვლილება გახდა. ამის შესახებ მას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თმით, შემთხვევის არეალში შესვლამდე, ზაზა ლორიამ ორი-სამი წრე გააკეთა, ქარის მიმართულება განსაზღვრა, ადგილზე მივიდა და სამაშველო ოპერაციის დაწყებისას ქარმა მიმართულება უეცრად შეიცვალა, რამაც ვერტმფრენის კლდესთან შეჯახება გამოიწვია.
„ქარმა მიმართულება უეცრად შეიცვალა და ალბათ, ამ მომენტში გაძლიერდა და შვეულმფრენი მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, ცოტათი უფრო კლდისკენ გადაიწია და ამან გამოიწვია. კლდესთან ისედაც ახლოს იყო, იმიტომ რომ პარაპლანისტი ისეთ ადგილზე იყო, რომ მის დასახმარებლად ვერტიკალურად მაღლა უნდა ყოფილიყო, რომ პარაპლანისტამდე ბაგე ჩაეშვათ. ახლოს იყო და ამ ქარის შეცვლამ და შოულმფრენის მდგომარეობის შეცვლამ უკანა ხრახნის კლდესთან შეჯახება გამოიწვია, რამაც უკანა ხრახნი დააზიანა. ჩემი აზრით, ქარის ბრალი იყო, თუმცა დაზუსტებით გამოძიება იტყვის“, - განაცხადა შამილ ქორთოშიძემ.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ უბედური შემთხვევა ტექნიკის გაუმართაობის ბრალი ყოფილიყო.
„ტექნიკას,ტექნიკის სიძველეს, ან რესურსების არ ქონას ნუ დავაბრალებთ, იმიტომ რომ კადრებშიც კარგად ჩანს რომ ტექნიკა იდეალურად მუშაობს. ეს ყველაფერი შეჯახების შემდეგ დაირღვა. უბრალოდ ავიღოთ მანქანა და იმ ძველ მანქანას ყველა დეტალი გამოუცვალოთ და იგივე სამუშაოს შეგისრულებს, რასაც ახალი მანქანა. ამ დროს უკეთესია ახალი იყოს, მაგრამ ყოველდღიურად ახალს ხომ ვერ შევიძენთ. მუშა მდგომარეობაში იყო, რესურსიც ჰქონდა და ყველაფერი, ტექნიკის ბრალი გამორიცხულია“, - აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილას რომ სამაშველო სამსახურის შესაბამისი პატარა შოულმფრენი ყოფილიყო, მას არეალში მოქმედების კარი საშუალება ექნებოდა და შესაბამისად, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
„თავისთავად ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ სამაშველოს სპეციალური აღჭურვილობით თავისი ტექნიკა ჰყავდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ყოფილიყო მაგალითად, პატარა შოულმფრენი, იმას თავისი სამუშაო პატარა არეალი სჭირდება, უფრო ახლოს მივიდოდა და ოპერაციას წარმატებით ჩაატარებდა“, - განაცხადა პილოტმა.