logo_geo
eng_logo
ბლინკენი ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე: მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება
- +

1 აგვისტო. 2022. 23:21

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გადაწყვეტილება იქნება და ჩინეთს მოუწოდა, ვიზიტის შემთხვევაში სიტუაცია არ გაამძაფროს.

 

„თუ სპიკერი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩინეთი რაიმე სახის კრიზისის შექმნას ან სხვაგვარად დაძაბულობის ესკალაციას შეეცდება, ეს პეკინის გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნება.

 

„ეს ძალიან სერიოზულ მოვლენებსა და შედეგებს გამოიწვევს. ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ განვუცხადოთ შეერთებულ შტატებს, რომ ჩინეთი მზადყოფნაშია, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია გულხელდაკრეფილი არ იჯდება და ჩინეთი მტკიცე პასუხს გასცემს და ძლიერ კონტრზომებს მიიღებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

 

გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner