logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ამ კვირებში ბრძოლის ველზე კარგად იგრძნობა დემოკრატიული სამყაროს ძალა, რომლებიც უკრაინას ეფექტური იარაღით ამარაგებენ
- +

2 აგვისტო. 2022. 01:16

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ კვირების განმავლობაში უკრაინის ბრძოლის ველზე აშკარად იგრძნობა დემოკრატიული სამყაროს - საერთაშორისო პარტნიორების ძალა, რომლებიც უკრაინას თანამედროვე და ეფექტური იარაღით ამარაგებენ.

 

„შავი ზღვის ჩვენი პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის ინიციატივის განხორციელება დღეს დაიწყო. ოდესის პორტი დატოვა პირველმა გემმა, რომელშიც 26 000 ტონა მარცვლეული იყო.

 

ჯერჯერობით, არ არის დრო რაიმე დასკვნის გამოტანისა და მომავალი მოვლენების პროგნოზირების. მაგრამ პორტმა დაიწყო მუშაობა, დაიწყო საექსპორტო მიმოსვლა და ამას შეიძლება ეწოდოს პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს შანსი, შეჩერდეს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის განვითარება. ამჟამად, ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის უსაფრთხოების პარამეტრების განხორციელებაზე, რაც პარტნიორების, პირველ რიგში, გაეროსა და თურქეთის პასუხისმგებლობაა.

უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან. რუსეთი თანმიმდევრულად ახდენდა უკრაინული სურსათის ტრადიციულ იმპორტიორ აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში შიმშილის პროვოცირებას. ახლა კი, ევროპაში მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიცხის პირობებში, ფასების კრიზისის და გარკვეული სასურსათო დეფიციტის საფრთხე არსებობს ევროპის ქვეყნების ნაწილისთვისაც. ასე რომ, ვნახოთ, როგორ იმუშავებს შეთანხმებები და იქნება თუ არა ნამდვილად უსაფრთხოება. გამგზავრების რიგს უკვე ელოდება 16 ხომალდი და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი წვლილი შევიტანოთ სურსათის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციაში.

 

„დღეს მე ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, კერძოდ, ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტის საზღვაო აღდგენაზე. ზოგადად, მოლაპარაკებები საათ-ნახევარი გაგრძელდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო: ურთიერთობები, პირველ რიგში, თავდაცვის სფეროში. უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრი - მადლობა უკვე გაწეული დახმარებისთვის, რომელიც ეფექტურად გვიცავს ბრძოლის ველზე. ასევე, განვიხილეთ ჩვენი სახელმწიფოს მაკროფინანსური მხარდაჭერა - ბატონ პრეზიდენტს ვთხოვე, დაგვეხმაროს ევროპაში გაჩერებული მაკროფინანსების განბლოკვაში.

 

მინდა, შევახსენო ყველა ლიდერს, რომ ეს არის 9 მილიარდი ევრო. ეს ჩვენთვის არ არის წვრილმანი, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები - ეს არის ჩვენი პენსიები, ეს არის ჩვენი ხელფასები, ემიგრანტების მხარდაჭერა და ამიტომ, ველით შესაბამის გადაწყვეტილებებს ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლებისგან.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაცნობა აფრიკის ქვეყნებში მისი მოგზაურობის შედეგები - ჩვენ ახლა ვაძლიერებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებას. მე მოვიწვიე პრეზიდენტი მაკრონი ყირიმის პლატფორმის ონლაინ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მალე გაიმართება.

 

გასულ წელს ჩვენ შევქმენით ყირიმის პლატფორმა და ვავითარებთ ამ ფორმატს - მიუხედავად ყველა მუქარისა და რუსეთის მხრიდან ხელშესახები დიპლომატიური წინააღმდეგობისა. ოკუპაციის წლებში რუსეთმა ყირიმი დიდ სამხედრო ტყვეთა ბანაკად აქცია - და ათიათასობით ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი. ყირიმი ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიაზე თავდასხმების პლაცდარმი გახდა... სუსტი და არასაკმარისად პრინციპული რეაქცია ყირიმის ოკუპაციაზე მე-14 და შემდგომ წლებში გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ რუსულმა აგრესიამ შეძლო, გაიზარდოს ასეთ მასშტაბებზე. ჩვენ თანდათან აღვადგენთ სამართლიანობას ჩვენს ყირიმში.

 

ბრძოლის ველზე ვითარებას მნიშვნელოვანი ცვლილებები ბოლო დღის განმავლობაში არ განუცდია. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში, ხარკოვის ოლქში, გრძელდება ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სამხრეთისთვის... უკრაინულმა არტილერიამ და დაზვერვამ უკვე ბევრი გააკეთეს ოკუპანტების საცეცხლე პოტენციალის შესამცირებლად და ეს იგრძნობა.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ანადგურებენ რუსულ ლოგისტიკას, ანადგურებენ ოკუპანტების საბრძოლო მასალას.

 

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - ყველას, ვინც უკრაინას ამარაგებს თანამედროვე და ეფექტური საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით. ამ კვირებში უკრაინის ბრძოლის ველზე კარგად იგრძნობა დემოკრატიული სამყაროს ძალა.

 

დღეს კი მორიგი საუბარი შედგა ფორმატში უკრაინა - შეერთებული შტატები - სამი სამზე - ანდრეი ერმაკი და ჯეიკ სალივანი, დმიტრო კულება და ენტონი ბლინკენი, ვალერი ზალუჟნი და მარკ მილი. ეს არის ჩვენი მუდმივი ფორმატი, რომელმაც უკვე მოგვცა საშუალება, შეგვეტანა ფუნდამენტური წვლილი მთელი თავისუფალი სამყაროს დაცვაში. კოორდინირებულია შემდეგი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner