მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს. რთველის ხელშეწყობის 50 მილიონის დახარჯვას გეგმა უკვე გაცხადებულია.
50 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება “მოსავლის მართვის კომპანიამ“ უკვე მიიღო.
კომპანიას 2022 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება დაევალა. აღნიშნული გულისხმობს, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ, ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას.
„როგორც წინა წლებში, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან, წინასწარ განისაზღვროს ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი რა რაოდენობის ყურძენი დარჩება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების რაოდენობისა და მოცულობის დადგენა და წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.
ღონისძიების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი იყოფა ორ ეტაპად. პირველი ეს არის რთველის პროცესი, რომელიც კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმში გრძელდება თვენახევარი - ორი თვის განმავლობაში. მეორე ეტაპი არის ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეებისა და ყურძნის კონცენტრირებული წვენის შენახვის, ტრანსპორტირების მომსახურების, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობის და საბანკო მომსახურების პროცესი.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის განცხადებით, წელს განიხილება ე.წ „თეთრი ყურძნის“ სუბსიდირება.
„პირდაპირ გეტყვით, რომ დაფინანსების ზუსტი სქემა ჯერჯერობით შემუშავებული არ გვაქვს და რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ძალიან გვინდა, რომ არ ჩავერიოთ წითელი ყურძნის [საფერავი] კომპონენტშიც, რომლის რეალიზებაც რამდენიმე წელია თავისუფალ ბაზარზე ხდება. რაოდენობიდან და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თეთრ ყურძენში [რქაწითელი] ჩარევა მოგვიწევს. [ჩარევა ნიშნავს] მათ შორის სუბსიდიას. მოგეხსენებათ, გარკვეული რაოდენობით არაკონდიცირებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო იბარებდა. ზუსტ სქემებზე ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს”, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ
ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოს მთავრობას რთველის სუბსიდირება რეკორდული, 138,4 მლნ ლარი დაუჯდა. 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი - 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა. სუბსიდირების პროგრამით ნაყიდი ყურძნისგან მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებს, რასაც შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის.