დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია მ. მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“.
„მინდა, სასიამოვნო სიახლე მოგაწოდოთ, განსაკუთრებით, დიღმის მასივში მცხოვრებ ადამიანებს: დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ეს არის „ავაზას“ სპორტული ცენტრი, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოხდა მესაკუთრესთან - შპს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან“ შეთანხმება, რის საფუძველზეც, კომპანიამ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა აღნიშნული ნაკვეთი, სადაც განთავსებულია მ. მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუინციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ განხორციელებულიყო რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოები და ამ სივრცეს სპორტული პროფილი შეენარჩუნებინა.
„ტერიტორია 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, გარკვეული საპრივატიზებო პირობებით, 5 000 ლარად, საკუთრებაში გადაეცა შპს „ველაჯიოს“, მასზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტული პროფილის ათი წლის განმავლობაში შესრულების პირობით. ათი წელი გავიდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სივრცის შენარჩუნება, რათა იქ არ განხორციელებულიყო სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების შედეგად, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სივრცე დაიბრუნა. მნიშვნელოვანია მისი განვითარება და იმავე პროფილის შენარჩუნება. წლების განმავლობაში, უამრავი ფეხბურთელი გამოუზრდია „ავაზას“ ცენტრს. ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. მზად ვართ, ეს სივრცე გადაეცეს მას, რათა მოეწყოს გამართული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტადიონები. ფედერაციას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ასეთი პროექტების განხორციელების. ერთად განვახორციელეთ ბევრი კარგი პროექტი, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში, ნუცუბიძეზე, ვაკის რაიონში, ასევე, მიმდინარეობს დიდ დიღომში. მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა დიღმის მასივშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.