სამების საკათედრო ტაძარში გუდაურთან გარდაცვლილი მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ტრაგედიას, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, - მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი შეეწირნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი ოჯახები ასი ათას ლარს მიიღებენ.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.