logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: „კრედიტ სუისი“ არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი და დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საქმეზე, ვფიქრობთ, საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას
- +

2 აგვისტო. 2022. 14:13

 

 

„კრედიტ სუისი“ არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი, აქედან გამომდინარე, დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საქმეზე და არა მარტო ჩვენს საქმეზე, ვფიქრობთ,  შვეიცარიული კანონმდებლობისა და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს“, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

 

როგორც ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, გუშინ იურიდიული ფირმის პორტალზე გამოქვეყნდა მორიგი განცხადება, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის დავას „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან.

 

„მინდა, რამდენიმე განმარტება გავაკეთო რამდენიმე ახალ საკითხთან. განცხადებაში საუბარი იყო, რომ განზრახული გვაქვს, მივმართოთ შვეიცარიის პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. ასეთი სურვილი და გეგმა განპირობებულია ორი მიზეზით. აქ საუბარი არის არა მხოლოდ იმ დარღვევათა ხასიათზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს დავაში, არამედ ჩვენი მიმართვა განპირობებულია კიდევ ერთი გარემოებით, რომ „კრედიტ სუისი“ არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი, არის მისი სისტემის შემქმნელი, აქედან გამომდინარე, დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საქმეზე და არა მარტო ჩვენს საქმეზე, ვფიქრობთ, საჭიროებს, მოითხოვს კანონმდებლობისა და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას.

 

ჩვენთვის გაკვირვებას იწვევს, თუ თვალს გადავავლებთ დარღვევებს, რასაც ჩვენს საქმეზე ადგილი აქვს, რომ მენეჯმენტის დამოკიდებულება არა მარტო საკუთარი საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, არამედ ზოგადად, შვეიცარიული საბანკო სისტემის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კითხვებისა და არცთუ უსაფუძვლო ეჭვების მიზეზია.

 

სწორედ ამით არის ნაკარნახევი ჩვენი სურვილი, ამით არის ნაკარნახევი ჩვენი მოტივი, რომ კანონმდებლის, შვეიცარიული ინსტიტუტების ყურადღება მივაქციოთ ამ პრობლემას, რომ ამ ბანკს დროზე მიეხედოს და აღმოიფხვრას არა მარტო უსწორობა ჩვენს საქმეზე, არამედ უსწორობა ყველა სხვა არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირებით.

 

კიდევ ერთი სიახლე, რაზედაც ჩვენ განცხადებაში ვთქვით, ეს არის ალბათობა, შესაძლებლობა, რომელსაც ასევე განვიხილავთ, რომ გამოვაქვეყნოთ, გავასაჯაროოთ კრიტიკული კომუნიკაცია. ესეც ნაკარნახევია საკითხისადმი სრულიად ჯანსაღი დამოკიდებულებით, რათა აუდიტორიას არ შეექმნას შთაბეჭდილება და წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაცას ვიგონებთ ან რაღაც საკითხები არის ჩვენი ინტერპრეტაციის. კონკრეტული დოკუმენტებია, რაზედაც დაფუძნებული იქნება ჩვენი პრეტენზია“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner