„ჩინეთი საკუთარ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს. ეს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა“, - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში.
„ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დაცვისთვის, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ. ამ ვიზიტის ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკულ მხარეს და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს“, - აცხადებენ უწყებაში.
1 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნება.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ მოელის, რომ ჩინეთი უახლოეს დღეებში გააძლიერებს თავის რეაგირებას ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ შეშინდება.
ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.