logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ასპარეზზე გამოსულმა ახალმა ძალებმა ადამიანის უფლებათა ბრძოლის ასპარეზი გადაანაცვლეს საზოგადოებების შიგნით და 21-ე საუკუნის „უფლებადამცველებმა“ ფრონტის ხაზი გაავლეს ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის დაპირისპირებაზე
- +

3 აგვისტო. 2022. 12:00

 

 

„მსოფლიოს მართავენ ადამიანის უფლებებით მანიპულატორები. ადამიანის უფლებების გაგება სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული იყო. ანტიკურ ეპოქაში მონა, ადამიანის ნაცვლად შრომის იარაღად განიხილებოდა. შუა საუკუნეებში უმრავლესობას არ გააჩნდა სიცოცხლის, კერძო საკუთრების თუ წამებისგან დაცულობის უფლება. მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე კანის ფერის, სქესისა თუ სოციალური წარმოშობის მიხედვით დისკრიმინაცია იყო მიღებული“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ფეისბუქზე წერს.

 

„იმ ეპოქებში თვლიდნენ, რომ ეს ღვთისაგან დაწესებული მდგომარეობაა. ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მიხედვით, ადამიანის უფლებები, სწორად იყო დაცული. მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან კაცობრიობა შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლების, ხელშეუხებლობის, სამართლიანი სასამართლოს, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, ქორწინების, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებები, აზრის, სინდისის, რელიგიის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

 

დაუშვებელია ნებისმიერი პირის მიმართ წამება, დამონება, იძულებითი შრომა, დისკრიმინაცია და ა. შ., რაც დაფიქსირდა საერთაშორისო დოკუმენტებშიც და ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ აიღო ამ უფლებების დაცვის ვალდებულება. უფლებათა უმეტესობა ფაქტობრივად ემყარება ქრისტიანულ დოგმებს. ბევრი რამ აღებულია 10 მცნებიდან. ქრისტიანული ფესვებიდან მოდის იმის აღიარებაც, რომ ღვთისგან ბოძებული ეს უფლებები არ არის განუსაზღვრელი და აბსოლუტური. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სხვა საერთაშორისო ნორმები ითვალისწინებენ უფლებათა და თავისუფლებათა მართლზომიერი შეზღუდვის შესაძლებლობას სახელმწიფოს მიერ.

 

21-ე საუკუნის მეოთხედიც არ გასულა, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში.

 

მოხდა ადამიანის უფლებათა ინტერპრეტირება, რამაც შესაძლებელი გახადა ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საფარქვეშ, ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების ფეხქვეშ გათელვა, რომლის დასამკვიდრებლადაც იღვწოდნენ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ დევნილი ე. წ. ანტისაბჭოთა ელემენტები. ისინი იბრძოდნენ პიროვნებისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, სიტყვის, გამოხატვის, გადაადგილების, კერძო საკუთრების, პოლიტიკური არჩევნების და სხვა მრავალი თავისუფლებისთვის, რითაც უპირისპირდებოდნენ ტოტალიტარულ სისტემას.

 

სისტემის დანგრევის შემდეგ, ასპარეზზე გამოსულმა ახალმა ძალებმა ადამიანის უფლებათა ბრძოლის ასპარეზი გადაანაცვლეს საზოგადოებების შიგნით და 21-ე საუკუნის ახლად გამომცხვარმა „უფლებადამცველებმა“ ფრონტის ხაზი გაავლეს ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის დაპირისპირებაზე. ამ ორ იდეოლოგიას შორის კონკურენცია ისედაც ბუნებრივია, მაგრამ ამ ბრძოლაში ულტრალიბერალებმა ხელში ჩაიგდეს მართვის სადავეები.

 

ისინი რიცხობრივად უმცირესობაში არიან ნორმალურ ლიბერალებსა და კონსერვატორებთან, მაგრამ სუპერაქტიური და სუპერთავხედური ქმედებებით მიაღწიეს, ქრისტიანულ მორალთან თანხვედრაში მყოფი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, ფსევდოღირებულებებით შეცვლას, რაც პირდაპირ დაუპირისპირდა საზოგადოების უდიდესი ნაწილის რწმენას.

 

შედეგად მივიღეთ რწმენისაგან დაცლილი შედარებით მცირე, მაგრამ სუპერაქტიური ჯგუფის ინტერესებს დაქვემდებარებული ფსევდო ღირებულებები. ადამიანის უფლებების კეთილშობილური მიზნების მომხმარებლურად მოპყრობის გამო, ისინი ამ ღირებულებებს მხოლოდ თანამოაზრეთა დასაცავად იყენებენ. ნამდვილი ლიბერალის, ილია ჭავჭავაძის „ენა, მამული, სარწმუნოება“ დაცინვისა და განქიქების საგნად აქციეს. ფსევდოლიბერალები ბოლშევიკებზე მეტი ათეისტები აღმოჩნდნენ.

 

თუ 100 წლის წინ „სოციალური თანასწორობისა“ და „მსოფლიო იმპერიალიზმისგან ჩაგრული მასების განთავისუფლებისათვის“ მებძოლები ითვლებოდნენ „პრადვინუტებად“, ხოლო დანარჩენები - „ბნელებად“, „ჩამორჩენილებად“ და „ისტორიის სანაგვეზე გადასაგდებებად“, დღეს კარგ ტონად და „პრადვინუტობად“ ლიბერალური შეხედულებების დამახინჯებული ფორმა ითვლება. თუ შენ არ იზიარებ მათ ნარატივებს, თუ არ ხარ მათი იდეების პროპაგანდისტი, არ მიესალმები აღვირახსნილობას, არ ხარ ლგბტ თემის წარმომადგენელი ან მომწონებელი, ნარკოტიკის მომხმარებელი ან მათი წამხალისებელი, მსოფლიოს მთავარი ცენტრიდან მომავალი ნარატივების და ლოზუნგების გამხმოვანებელი, უპირობოდ და თვალდახუჭულად მათი იდეების

 

პროპაგანდისტი ისეთივე მიუღებელი, ბნელი, ჩამორჩენილი, დასაბულინგებელი და ჩასარეცხი ხარ, როგორც 100 წლის წინ იყვნენ კომუნიზმის მოწინააღმდეგეები. ამიტომ შენთვის არ შეიძლება დასაშვები იყოს სიტყვის, გამოხატვის, გადაადგილების, კერძო საკუთრების და სხვა თავისუფლებები. ის, რასაც ჩვენთვის მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკული ღირებულება ერქვა, დღეს ანტიამერიკულ ღირებულად არის ქცეული. ამიტომაც ფსევდოლიბერალურ აშშ-ის ხელისუფალთ არ ეთაკილებათ „დემოკრატიის შუქურა“, დაუძახონ, ქართველი „მამების“ ანტიდემოკრატიულ, სადისტური რეჟიმს და დღესაც ხელს შეუწყონ მათ რეაბილიტაცია-რეანიმაციას საქართველოში.

 

21-ე საუკუნის „დემოკრატებისთვის“ სავსებით მისაღებია, თუ მათ მიერ მტრად და მოწინააღმდეგედ მიჩნეულ ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე პოლიტიკური ნიშნით ქონებას ჩამოართმევ, გამოხატვის ან გადაადგილების თავისუფლებას შეუზღუდავ, ან უბრალოდ, გაანადგურებ.

 

დღევანდელ დასავლეთშიც ფსევდო ღირებულებები იქცა პოლიტიკური მანიპულირების იარაღად. ამის ნათელი მაგალითია 308 ევროპარლამენტარის სამარცხვინო რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ, შარლ მიშელის ანტიკონსტიტუციური შეთანხმება თუ სხვა ევროპელების, ღირებულებებს აცდენილი და მერკანტილურ ინტერესებს მორგებული გამონათქვამები.

 

ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით თვითმარქვია ლიბერალების სიძულვილის ენით განმსჭვალულ ნააზრევებს სოციალურ ქსელებში და მედიაში, რაც, სამწუხაროდ, მსოფლიო სენია და არა მხოლოდ ქართული. ამ სენით დაავადებული საქართველო და ქართველი ფსევდოლიბერალები, უბრალოდ, ცდილობენ, რომ არ ჩამორჩნენ და მხარი აუბან მსოფლიოს მდინარების მიმართულებას, რათა ვინმემ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ დააბრალოს.

როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი იტყოდა, იმედია, ესეც გადაივლის და ყველაფერი ღვთიური კანონებით დადგენილ გზას დაუბრუნდება, გზას, რომელსაც თითოეული ადამიანი ღმერთთან მიჰყავს და არა ეშმაკთან“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner