logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გამყარების დადებითი ეფექტი ინფლაციაზე აისახა და იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი
- +

3 აგვისტო. 2022. 14:25

 

 

„მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარებით მიმდინარეობს, გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის, საერთაშორისო ტურიზმის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, მთავარ გამოწვევას დღეს მაინც ინფლაცია და გაზრდილი ფასები წარმოადგენს. 2022 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქზე წერს.

 

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან მაღალი ინფლაცია დიდწილად ეგზოგენურ ფაქტორს წარმოადგენს, ლარის გამყარების დადებითი ეფექტი ინფლაციაზე აისახა და იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი.

 

„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ომის შედეგად წნეხი ინფლაციაზე გაიზარდა. სანქციების და მიწოდების ჯაჭვების რღვევის ფონზე ნავთობის ფასები ივლისში 46%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ამასთან, 2022 წლის ივნისში FAO-ს სასურსათო პროდუქციის ფასების ინდექსი 23.1%-ით გაიზარდა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან მაღალი ინფლაცია დიდწილად ეგზოგენურ ფაქტორს წარმოადგენს, ლარის გამყარების დადებითი ეფექტი ინფლაციაზე აისახა და იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი.

 

ნიშანდობლივია, რომ თუ წლის პირველ კვარტალში ზრდის სარეკორდო 14.9 პროცენტიანი მაჩვენებლით, ასევე პირველ 6 თვეში ეკონომიკური ზრდის 11.2 პროცენტიანი მაჩვენებლით არა თუ რეგიონში, ან ევროპაში ვართ პირველ ადგილზე, არამედ მსოფლიოში წამყვანი 5 ქვეყანას შორისაც ვიმყოფებით, ინფლაციის დაწყების დონითაც ვლიდერობთ და დადებით ტენდენციას ვინარჩუნებთ. მაშინ როდესაც ინფლაციამ არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ივნისში თურქეთში ინფლაცია 78.6% იყო, რუსეთში 15.9%, უკრაინაში 21.5%, სომხეთში 10.3%, აზერბაიჯანში 14.2%, ბელარუსში 17.6%, მოლდოვაში 31.8% და ესტონეთში 21.9% იყო.

 

ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაცია 15- 20%-ის ფარგლებშია, ამერიკაში რეკორდულია 9%, ბრიტანეთში 9,4%, რაც არ ყოფილა ბოლო 40 წლის მანძილზე.

 

მიმაჩნია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს მაღალ ორნიშნა ნიშნულთან იქნება, ინფლაციაც შემცირების ტენდენციებს შეინარჩუნებს, საგარეო ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, თუმცა ბუნებრივია, წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner