გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უნდა ელოდოს, რომ „გაზპრომი“ აღარ შეასრულებს გაზის მიწოდების კონტრაქტებს.
„ეს მკაფიო და მარტივია: ტურბინა აქ არის. მისი მიწოდება შესაძლებელია. მხოლოდ ვიღაცამ უნდა თქვას: მე მინდა ეს. მაშინ ის იქ იქნება ძალიან მალე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მაშინაც კი, თუ გაზის ტრანსპორტირება Nord Stream 1-ის მილსადენით კვლავ კარგად იმუშავებს, პრობლემები ნებისმიერ დროს მაინც შეიძლება კვლავ დადგეს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსეთმა გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მეშვეობით გაზის მიწოდება 21 ივლისს განაახლა.
10 ივლისს კანადა დათანხმდა, გერმანიაში დააბრუნოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინა, რომელიც კანადაში გასარემონტებლად ჩაიტანეს, თუმცა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, მას უკან ვერ აბრუნებდნენ.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ არის გაზსადენის ქსელი, რომლითაც გერმანიას რუსეთიდან გაზი მიეწოდება. ტურბინა, რომელიც კანადაში, Siemens Energy AG-ის მიერ არის შექმნილი, სარემონტოდ, მონრეალში იყო გაგზავნილი.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ Nord Stream AG-ს ეკუთვნის, რომლის ძირითადი აქციონერი რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომია“.