გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ 180-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. კომპანიამ სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით ქვიშის საცრელი 3 სპეციალური მანქანა-დანადგარი (Beach Tech) და 3 ახალი ტრაქტორი შეიძინა.
გრიგოლეთში აღნიშნული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად დაათვალიერა.
მათ ასევე მოინახულეს ურეკის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური, რომელზეც ამჟამად რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გადამტვირთავი სადგურის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ 165 ათას ლარამდე შეადგინა.