logo_geo
eng_logo
შეხვედრა სტამბოლის ქართულ სამრევლოში
- +

4 აგვისტო. 2022. 19:32

 

 

2022 წლის 31 ივლისს კონსტანტინეპოლის (სტამბოლის) ქართულ სამრევლოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სამენოვანი წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ წარდგინება გაიმართა. პრეზენტაციას ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებას წინ უძღოდა საზეიმო წირვა, რომელიც, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის კურთხევით, ბურსელმა მიტროპოლიტმა იოაკიმემ სამრევლოს წინამძღვარ, მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავასთან ერთად აღასრულა.

 

მეუფე იოაკიმე საქართველოსა და ქართველების დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. მისი პირადი მოწვევით წირვას და პრეზენტაციას ბურსაში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ. რექტორმა საზოგადოებას გააცნო მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ – იდეა, რომელსაც უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის – თურქეთში.

 

ავტორს აუდიტორიამ არაერთი კითხვა დაუსვა, რომელზედაც ამომწურავი პასუხი იქნა გაცემული.

 

პრეზენტაციის შემდგომ სტუმრებს სტამბოლის ქართული სამრევლო საზეიმო სადილით გაუმასპინძლდა. ღონისძიების შემდეგ, ამ დღის სამახსოვროდ სტუმრებმა და მასპინძლებმა ედირნეკაპის წმიდა გიორგის ტაძრის ეზოში ხე დარგეს.

 

კონსტანტინეპოლის სამრევლოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიგეგმა. რექტორმა ზურაბ ხონელიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავას და აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რომელსაც ის სტამბოლში მცხოვრებ ქართველთა სულიერების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად ახორციელებს.

 

თურქეთში ვიზიტით მყოფი პროფ. ზ. ხონელიძე მოინახულა ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნის დიდმა მეგობარმა, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა, ქალბატონმა ჯერენ იაზგანმა, რომელმაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს „კავკასიის ხიდი“ უწოდა.

 

მეგობრებმა ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. ქალბატონი ელჩი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში, ბატონ ზურაბს თურქეთის ხელისუფლებასთან და აკადემიურ წრეებთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში ხელშეწყობას შეჰპირდა.

 

ვიზიტი რამდენიმე ოფიციალური შეხვედრით გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner