logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: დღეს ჩემს მამუკას დავემშვიდობე...
- +

ავტორი მაია კახიძე

4 აგვისტო. 2022. 21:09

 

 

დღეს ჩემს და ჩვენს მამუკა ონაშვილს დავემშვიდობეთ...

 

აწი მახათას პანთეონში იქნება მისი იმიერი სახლი…

 

ყველაზე ტკივილიანი მამუკას დედის ცრემლები იყო, რომელიც შვილის „გაცილებას“ მოესწრო და თან როგორი უტკბილესი დედშვილობა ჰქონდათ. სიყვარულით, ცრემლით და დუდუკებზე აჟღერებული მისი საყვარელი ქალაქური მუსიკით დავემშვიდობეთ საუკეთესო ქალაქელ ბიჭს!!!

 

და ისიც, ვინც ასე გაიმეტა საკუთარი თავი, 33 წლის ახალგაზრდაც ადგილზე დაიღუპა და სამწუხაროდ მამუკაც დაღუპა.

 

ალბათ, მალე ზეციურ საქართველოში შეხვდებიან ერთმანეთს, შეხვდებიან და…

 

დილამდე შემიძლია მამუკაზე ვისაუბრო, გასახსენებლი იმდენია, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას დავამატებ, რამაც დღეს ძალიან გაგვაოცა მეც და სხვებიც.

 

საქმე ის არის, დაკრძალვის მერე, ახლობელ-მეგობრების  გარკვეული ნაწილი რესტორან „კრწანისში“ შევიკრიბეთ და ვიხსენებდით ჩვენს მამუკას. ამ ერთად ყოფნას გია ბაღაშვილი უძღვებოდა.

 

ორიოდეჯერ ავდექი, დამირეკეს, შემოვბრუნდი თუ არა, უქათქათესი თეთრი მტრედი ჩამომჯდარიყო რესტორნის გალავანზე მტკვრის მხრიდან. დიდი ყურდაღება არ  მიმიქცევია პირველად, მერე და მერე კი...

 

იმედია გჯერათ ჩემი. აი ეს მტრედი, რომელიც ფოტოზეა და მე გადავიღე, ზუტად ორი საათი იჯდა გაუნძრევლად და ცალი თვალით დარბაზისკენ იყურებოდა. არდა, ამ რესტორანშიც რამდენჯერ უმღერია მამუკას...

 

გეფიცებით, მე მგონია, რომ მამუკა მოფრინდა ანუ მტრედი გამოგვიგზავნა. ჩემს საყვარელ მეგობრებს, „ჯუჯებს“ ვუთხარი: მგონი დაგვთვალა, აინტერესებდა, ვინ ვიყავით ბოლომდე, თვითონაც ხომ უთბილესი მასპინძელი იყო- მეთქი?!

ძნელია ამ წუთისოფელს გაუგო, ამერსაც და იმიერსაც. მამუკა კი უკეთილესი გულის ქართველი გახლდათ და მჯერა, ყველას დაგვლოცავს, იმ თავის დამღუპველსაც, რომელსაც, ალბათ, ზეციურ საქართველოში ნახავს...

 

მშვიდობით მამუკა!!! ძალიან მენანები, ძალიან...

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner