უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გამართვა შეუძლებელია, რადგან ეს პროცესი უფრო ულტიმატუმს ჰგავს.
მისივე თქმით, ომამდე პუტინთან დარეკვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.
„ჩვენ ომის გამარჯვებით დავასრულებთ. ნებისმიერი ომი მთავრდება მოლაპარაკებებით, მაგრამ მინდა გავიაზროთ, რომ გზა ამ დიალოგისკენ არის ძალიან გრძელი და ძალიან სისხლიანი.
ბევრი რამისთვის მზად ვიყავი, დავურეკე მას [პუტინს], ბევრჯერ დავურეკე, მაგრამ რუსები ყოველთვის პოულობდნენ მიზეზებს, რომ ეს დიალოგი არ შემდგარიყო. როცა 24 თებერვალს ჩვენს მიწაზე შევიდნენ, ჩვენი მოქალაქეები მოკლეს, აწამეს, მერე რა უნდა მექნა, კიდევ დამერეკა?
ყველგან ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის, მაგრამ ეს ტყუილია, რა დიალოგია ეს? ხელებს გვიგრეხენ, ენას გვაჭრიან და მერე ამბობენ, რომ მზად არიან სალაპარაკოდ. ეს არ არის დიალოგი, ისინი არ გვთავაზობენ დიალოგს, გვთავაზობენ, რომ დავნებდეთ და მათი „მშვიდობა“ მივიღოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.