logo_geo
eng_logo
ზელენსკი: Amnesty International ცდილობს ტერორისტული სახელმწიფოს ამნისტირებასა და აგრესორიდან მსხვერპლზე პასუხისმგებლობის გადატანას
- +

5 აგვისტო. 2022. 01:30

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის შერჩევითი მიდგომა და მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია ცდილობს ტერორისტული სახელმწიფოს ამნისტირებასა და აგრესორიდან მსხვერპლზე პასუხისმგებლობის გადატანას.

 

„დღეს ვიხილეთ Amnesty International-ის ანგარიში, რომელიც, სამწუხაროდ, ცდილობს ტერორისტული სახელმწიფოს ამნისტირებასა და აგრესორიდან მსხვერპლზე პასუხისმგებლობის გადატანას. არ არსებობს და არ შეიძლება იყოს - თუნდაც ჰიპოთეტურად - რაიმე პირობა, რომლითაც რუსეთის ნებისმიერი დარტყმა უკრაინაზე გამართლებული გახდება.

 

ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია არაფრით არ არის პროვოცირებული, ის არის მტაცებლური და ღიად ტერორისტული. და თუ ვინმე აკეთებს მოხსენებას, რომელშიც მსხვერპლი და აგრესორი გარკვეულწილად ერთნაირია, თუ გაანალიზებულია მსხვერპლის შესახებ გარკვეული მონაცემები და უგულებელყოფილია ის, რასაც აგრესორი აკეთებდა ამ დროს, მაშინ ამის მოთმენა შეუძლებელია.

 

ნებისმიერს, ვინც რუსეთის ამნისტირებას ახდენს და ხელოვნურად ქმნის ისეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების რაღაც დარტყმები თითქოს გამართლებულია ან გასაგებია, არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ ეს ტერორისტებს ეხმარება. და თუ ასეთი მანიპულაციური ანგარიშებია, მაშინ თქვენ მათთან ერთად იზიარებთ პასუხისმგებლობას ადამიანების სიკვდილზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

Amnesty International-მა თავის ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

 

Amnesty International: სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით უკრაინული ჯარი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ Amnesty International-ის ანგარიში ორგანიზაციის მიერ „ადეკვატურობის დაკარგვას“ ცხადყოფს, ხოლო უკრაინელების მიერ წინააღმდეგობის გაწევის უფლების ეჭვქვეშ დაყენების ნებისმიერი მცდელობა გარყვნილებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner