logo_geo
eng_logo
აქციის მონაწილეთა ჯგუფი ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოში შეიჭრა
- +

5 აგვისტო. 2022. 01:50

 

 

აქციის მონაწილეთა ჯგუფი ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი Metro ავრცელებს.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებმა საელჩოს აივანიდან აზერბაიჯანის დროშა ჩამოხიეს, შენობის კედელზე კი არაბულ ენაზე წარწერები გააკეთეს.

 

როგორც ბრიტანული მედია წერს, აქცია „მაჰდის მსახურთა კავშირმა” გამართა, რომელიც ლონდონში არსებული შიიტური მუსლიმური ორგანიზაციაა. აღნიშნული რელიგიური ჯგუფი საკუთარ ვებგვერდზე აცხადებს, რომ მას ცივილიზაციური დომინირების დამყარება სურს. ჯგუფს სასულიერო პირი იასერ ალ-ჰაბიბი ხელმძღვანელობს.

 

„მაჰდის მსახურთა კავშირის” წევრები აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ქვეყანაში ზოგიერთი შიიტი მუსლიმის დევნაზე მიუთითებენ. რელიგიური ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისმა ლიდერმა წევრებს დაავალა, რომ “გადაუდებელი ზომების მიიღონ” აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ.

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე თავდასხმა დაგმო.

 

საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ საელჩოს შენობაში შეჭრის შემდეგ, „ვანდალური ჯგუფის წევრებმა“ დიპლომატიური წარმომადგენლობის აივანზე რელიგიური დროშები აღმართეს და რადიკალურ რელიგიურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასძენს, რომ საელჩოს დაკავება და დიპლომატებისადმი მუქარა ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.

 

აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. მომხდარს ბრიტანელი სამართალდამცავები იძიებენ.

 

პროსამთავრობო აზერბაიჯანული პორტალი haqqin.az დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რელიგიურმა ჯგუფმა აღნიშნული აქცია ლონდონში ერთ-ერთი შიიტური სახელმწიფოს სპეცსამსახურების გავლენით განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner