შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული სეით ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 28 ნოემბერს ნიღბითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სეით ს. ორ თანამზრახველთან ერთად ჩოხატაურში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ზაალ მ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა გამოსძალა. ამის შემდეგ სეით ს.-მ და მისმა თანამზრახველებმა ზაალ მ.-ს კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებულ ავტომანქანას შემთხვევიდან მეორე დღეს სამტრედიაში, ერთ-ერთ ქუჩაზე მიაკვლია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სეით ს. ქუთაისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ", მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.