ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის განცხადებით, მის მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ღაზადან ისრაელზე თავდასხმის მცდელობის მიმართ. მისივე თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ფართო სამხედრო კამპანიით, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, არ ეშინია აღნიშნულში ჩართვის.
„დირექტივა, რომელიც უშიშროების ძალებმა ჩვენგან მიიღეს მკაფიო იყო: ისრაელი არ იქნება გულხელდაკრეფილი, როცა არსებობენ ისეთები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ მის მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა ლაპიდმა.
როგორც ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, ყველა, ვისი დაპატიმრებაც საჭირო იქნება, დაკავებული იქნება. მანვე დასძინა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ან ჯარისკაცების მიმართ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას მკაცრი პასუხი მოჰყვება.
„ისრაელის ხალხი ძლიერია, მათ ესმით შეკავების მნიშვნელობა, ისინი სამხრეთის მცხოვრებლების გვერდით დგანან. ჩვენი უსაფრთხოების ძალები მზად არიან ნებისმიერ თავდასხმაზე ძლიერი პასუხისთვის. მტერს ძალით, ერთად დავუპირისპირდებით“, - დასძინა ლაპიდმა.
ისრაელის ლიდერის თქმით, ისლამური ჯიჰადი ირანის ნდობით აღჭურვილი ორგანიზაციაა, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და უდანაშაულო ისრაელელების მოკვლა სურს.
„ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელი ახლა, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, თეირანში იმყოფება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.