logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლექცია „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ თელავში ჩაატარეს
- +

6 აგვისტო. 2022. 09:46

 

 

რა გამარჯვებებს მიაღწია იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად − ამ თემაზე ლექციათა ციკლი დღეს თელავში გაგრძელდა.

 

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი აუდიტორიას სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

 

საუბარი შეეხო, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას − ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა. მინისტრის მოადგილეების განმარტებით, ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.

 

ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ, რომლებსაც აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ედებათ ბრალი. სტრასბურგის  შემდეგ ამ გადაწყვეტილებით უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner