საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული „უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა“ დასრულდა.
დახურვის ცერემონია უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და მათ სერტიფიკატები გადასცეს. ზაფხულის სკოლის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაურმა და ბრიტანელმა გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა.
ღონისძიების დასასრულს ზაფხულის სკოლის პროექტის შესახებ ვიდეოჩვენება გაიმართა.
უსაფრთხოების ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ორი კვირის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე, მათ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, არაერთი საინტერესო ლექცია ჩაუტარდათ.
ზაფხულის სკოლას უძღვებოდნენ ცნობილი ბრიტანელი და ესპანელი უსაფრთხოების ექსპერტები კრის ჯაგერი და რუბენ არკოსი.
სპეციალური მოწვევით სტუდენტებისთვის სემინარი გამართა ნატო-ს სარდლის ყოფილმა მოადგილემ, ბრიტანელმა გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა.
წელს, უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის პარტნიორები საქართველოს იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან. ზაფხულის სკოლას ყვარლის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა.