logo_geo
eng_logo
ბეწვის ხიდზე (მთავარი დეგნალოლოგის ჩანაწერები)
- +

6 აგვისტო. 2022. 13:41

 

 

რა გინდა რომ ქნა კაცმა?.. რამდენიც არ უნდა ამტკიცო, მაწონი თეთრია და ნახშირი კიდე - შავი, კელი დეგნანი ერთს გამოცრის კბილებში, რუსული ნარატივიაო და იმართლე მერე თავი, რომ აქლემი არ ხარ... ან ვარდისფერი სპილო.

 

ათასწლეულების გამოცდილებით ვიცით, რომ ძნელია უსამართლობასა და უტიფრობასთან დაპირისპირება, როდესაც ამ უსამართლობას და უტიფრობას ზურგს უმაგრებენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები („შენ ზევითა ხარ, მე ქვევით“). და საერთოდ, ვინ ოხერი გაივლებდა, ან ადრე და ან ახლა, თუნდაც გულში, დაპირისპირებას და ჩხუბს, როცა დღენიადაგ მეგობრის და პარტნიორის ძებნაზე ვართ ორიენტირებული მშვიდობას მოწყურებულები.

 

ნაავარიევი მანქანების მძღოლებს აქვთ ასეთი ხუმრობა - ჩემთვის მივდიოდი და ბოძი დამეჯახაო. მთელი ისტორიის მანძილზე ვართ ჩვენთვის, პატიოსნად... ხან ვმღერით, ხან ვცეკვავთ, ლექსებიც კარგი გამოგვდის და ღვინოსაც საუკეთესოს ვაყენებთ, მაგრამ... ბოძს ვინ ჩივის, ხან ერთი კედელი გვეჯახება, ხან მეორე და ხან მესამე...

 

*

საზოგადოების საერთო განწყობა უკრაინის ომთან დაკავშირებულ პროცესებზე იმის დასტურია, რომ მხარს ვუჭერთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ინტერესისა და ეროვნული ღირსების დაცვის მიზნით, ფაქტებსა და მოვლენებს დაერქვას თავისი სახელი, რაც მწარე სიმართლის ხმამაღლა თქმას გულისხმობს. დიახ, შედეგის მიღწევამდე არ უნდა დავიღალოთ და მზის სინათლეზე გამოვიტანოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ქვეყანას აზიანებს და საფრთხეს უქმნის.

 

ქალბატონი ელჩის ყველა „თანამოაზრე“ (ნაცპარტია თავისი სატელიტებით, ე.წ. ენჯეოებით და ფეიკტელევიზიებით, უკრაინელი „პოლიტიკოსები“, ევროდეპუტატები, ვიღაც-ვიღაც ექსპერტები და კიდევ სხვა ათასი ჯურის მამაძაღლი) თვეების განმავლობაში ხომ სულ იმის მცდელობაში იყო, რომ ქართველი საზოგადოება „დაერწმუნებინა“, „დასუსტებული“ და „არაქათგამოცლილი“ რუსებისთვის პასუხების მოთხოვნის დრო მოვიდაო?!. ეს ჩვენი ცოდვით სავსე კიდევ გამოდის და მერამდენედ თვალის დაუხამხამებლად (ანუ უტიფრად) ამტკიცებს, მსგავსი არაფერი ყოფილა, რა მეორე ფრონტი, რის ომში ჩათრევა, უსირცხვილო მატყუარები ხართ ყველანიო... და გინდა ახტი, გინდა დახტი... ვითომ არც პრემიერთან მაგიდაზე მუშტების ბრახუნი ყოფილა და არც ბიძინა ივანიშვილთან მივარდნა და მუქარები.

 

ან კიდევ - „ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქციაო“ - როგორია, ჰა?..

 

ე.ი. „თავისი უსამართლო განაჩენით“ შეწუხებულ მოსამართლე ჩხიკვაძეს ცუდი სიზმარი უნახავს: თითქოს ამერიკის საელჩოს ერთმა რიგითმა მოხელემ, მაგრამ „საქართველოს დიდმა მეგობარმა“ და ამ ქვეყნის მასზე დიდმა პატრიოტმა უსაყვედურა - „ლაშიკო, ეს რა ჩაიდინე, სანთელივით კაცი გისოსებში როგორ გამოკეტეო?“ ამის შემდეგ, გონს მოსულმა თემიდის მსახურმა, „ამერიკის საელჩოს თანამშრომელს სიზმარში ნათქვამიც დაეჯერებაო“ და თავი მყისიერად დაისაჯა - თვითონ გაიუქმა ვიზიტი. ეს საქციელი გადამდები აღმოჩნდა მისი კოლეგებისთვისაც. მათაც უარი თქვეს ამერიკაში გამგზავრებაზე, ანუ წინასწარ დაისაჯეს თავები - „ადრე თუ გვიან ჩვენც ხომ მოგვიწევს „ცუდი დავალებების“ შესრულებაო?“

 

ეეეჰ, ამხანაგო დეგნან, ამხანაგო დეგნან?!.

 

დაკვირვებული მკითხველი თავიდანვე მიხვდებოდა, რომ ქალბატონი კელი დეგნანის კიდევ ერთი „დამრიგებლური“ მონოლოგიდან ამოკრეფილ მარგალიტებს ვციტირებ და ვცდილობ, შიგადაშიგ იუმორით შეზავებული რეპლიკებით, როგორც ამ ქვეყნის ერთმა რიგითმა მოქალაქემ, თავი დავიცვა. ძალიან შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი, მაგრამ... ისე, კაცმა რომ თქვას, ახალი არც არაფერია... ათასწლეულებია დევებთან ჭიდილი გვიწევს. მთავარია, ცხოვრებამ გვასწავლა, რომ ჭინჭრაქასაც აქვს თავისი შანსი.

 

ცოდვა გამხელილი ჯობია და ამ „ხუმრობა-ხუმრობაში“ პრეტენზია გამიჩნდა, რომ ქვეყნის მთავარ დეგნალოლოგად ვიწოდებოდე. ათამდე პუბლიცისტურ ნაშრომში პატივცემული ელჩის საქმიანობის ყველა დეტალი და ნიუანსი, შეიძლება ითქვას, რენდგენის აპარატში მაქვს გატარებული ათასგვარი რაკურსით, კითხვებისთვისაც რომ არ რჩებოდეს თუნდაც მცირე სივრცეები. კიდევ კარგი, ძველი დრო არ არის, თორემ რა საწერ-კალამი და მელანი ეყოფოდა ამ ამბავს.   

 

შეხსენებისთვის, ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებული ჩემი ანალიტიკური წერილების მთავარი დასკვნა და „აღმოჩენა“ ამ თემასთან დაკავშირებით ის გახლავთ, რომ ნაცოპოზიციისა და ყველა მისი ქვედანაყოფისა და დანამატის არაფორმალური (დე-ფაქტო) მმართველია აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

 

ისევ ქალბატონი დეგნანის ბოლო ინტერვიუს დავუბრუნდეთ: ხელისუფლების მისამართით კიდევ ერთხელ გამოთქმულ საყვედურს - „ადამიანები დაიღალნენ პოლარიზაციის გამო“, ჯერ იმას ვუპასუხებდი, რომ ასეთ დროს ხალხის აფარება არ არის ღირსეული საქციელი და შემდგომ ამისა, აღნიშნულ თემაზე ბოლო რამდენიმე წერილში გამოთქმული მოსაზრებების შემაჯამებელ დასკვნას „შევაშველებდი“ - პოლარიზაცია სწორედ რომ იმათ ინტერესშია, ვინც „ასე დაჟინებით“ ითხოვთ დეპოლარიზაციას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არეულობის ორგანიზება და რევოლუციური სცენარის რეალიზება მხოლოდ პოლარიზებულ გარემოში არის შესაძლებელი.

 

კიდევ ერთი „შედევრი“ ინტერვიუდან: „ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე“.

 

ო-ო-ო, ქალბატონო დეგნან,.. ეს არ უნდა გეთქვათ... მერამდენედ უნდა დაგაკარგვინოთ სახე ვერშესრულებულმა მისიამ? მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოს ელჩი ასეთ კატასტროფულ შეცდომას რომ დაუშვებს, ეს უკვე მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა აღარაა. მართლა და მართლა, შეცდომაცაა და შეცდომაც... აღნიშნული განცხადება უნდა შეფასდეს, არც მეტი, არც ნაკლები, როგორც მტკიცებულებათა ერთობლიობა იმ დამოკიდებულებისა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია „რაღაც“ საქართველოს მიმართ.

 

აუცილებლად მიმაჩნია, ამ კონკრეტულ პასაჟთან დაკავშირებით, ბოლომდე, დეტალებამდე ჩაიშალოს სათქმელი, რათა კარგად გავისიგრძეგანოთ, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სწორი მუშაობის შედეგად რა საფრთხეებს ვართ გადარჩენილი და თუ ჩვენივე სურვილით სტრატეგიულ პარტნიორად არჩეული სახელმწიფოს პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ ძირეულად არ შეიცვლება, რა შეიძლება გველოდეს უახლოეს მომავალში.

 

წინასწარ დავაანონსებ, რომ ერთ საშუალო ზომის წინადადებაში ამდენი შეცდომის დაშვებას მართლა მოხერხება უნდოდა, მაგრამ „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების“, ან რაც ჩასძახეს, ის ამოიძახა.

 

ყურადღების მობილიზებისთვის, ვფიქრობ, განწყობა შემზადებულია და დროა დავიწყოთ:

 

პირველი - როცა ერთ ადამიანს, ერთ პიროვნებას, შენი ქვეყნის ერთ მოქალაქეს უსამართლოდ ექცევიან, სახელმწიფოს, ერისა და დასაჩაგრად გამეტებული პირის თითოეული თანამოქალაქის ვალია, გვერდში დაუდგეს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში არც სახელმწიფოა სახელმწიფო, არც ერი - ერი და არც მოქალაქე - მოქალაქე;

 

მეორე - ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და საქართველოშიც კერძო საკუთრების უფლება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. აქაც და იქაც კერძო საკუთრების ხელყოფა კანონით დასჯადი ქმედებაა. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია;

 

მესამე - კერძო საკუთრება, როგორც ასეთი, მარადიულ ღირებულებათა რიგიდანაა, რადგან ადამიანისთვის ის უფლის ნებით არის ნაბოძები, როგორც ცხოვრების ძირითადი წყარო;

 

მეოთხე - „სხვისი ფული“ მხოლოდ მაშინაა „სხვისი ფული“, როცა მავანი უკანონოდ ეცდება მის ხელყოფას. როგორც კი სხვის ფულს საფრთხე შეექმნება, მისი დაცვა ყველას (სახელმწიფო, საზოგადოება, მოქალაქე) პასუხისმგებლობად იქცევა;

 

მეხუთე - ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ გადადგა უპრეცენდენტო ნაბიჯი და თავისი ქონების 95% გადასცა საქველმოქმედო ფონდს, თავისი სამშობლოს საჭიროებებისთვის, ანუ გადასცა საქართველოს და ქართველ ხალხს და სანქცირებული ფული კელი დეგნანისეული მერკანტილური შეხედულებებითაც არ არის „სხვისი ფული“, საქართველოს და ქართველი ხალხის ფულია; 

 

მეექვსე -  ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხისთვის „სხვა“ არ არის;

 

მეშვიდე - თუ ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის, შესაძლებლობებისა და დამსახურების პიროვნება დაუცველია, ჩემისთანა რიგითი მოქალაქე, ანუ ოთხ მილიონამდე კაციდან თითოეული, ასჯერ უფრო დაუცველი იქნება;

 

მერვე - ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, ქალბატონო დეგნან, რომ ვადის ამოწურვამდე კარგად დაიმახსოვრებთ - „ზოგიერთი“ მთელი საქართველოა.

 

*

„მიზანი ამართლებს საშუალებებს?“ - ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულების უძველეს ტესტზე ჩვენი პასუხი ყოველთვის იყო - „რასაკვირველია, არ ამართლებს!“ ახალი პოლიტიკური სისტემის სიკეთეებში დარწმუნებულები, ასე გამოვხატავდით რწმენას და მზაობას დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის უალტერნატივობისადმი. ვინ იფიქრებდა, რომ ეს გონებაში და გულში ჩაბეჭდილი პასუხი ოდესმე გააჩენდა ეჭვსა და უამრავ დამატებით კითხვას?

 

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სხვანაირი განსაკუთრებულობით გამორჩეული ორი სახელმწიფოს ცხოვრების წესი, როგორც მაგალითი, მართავდა ჩვენს ოცნებებესა და მიზნებს - ამერიკის შეერთებული შტატები და შვეიცარია. იმ ავადსახსენებელ დროში სახელმწიფო სისტემის მხრიდან რაიმე გადაცდომის გამო უკმაყოფილების გამომთქმელ ახლობელს ასე „ვამშვიდებდით“ ხოლმე - თავი ამერიკაში ხომ არ გგონია? ან უწესრიგობაზე პროტესტის გამოხატვისას - თავი შვეიცარიაში ხომ არ გგონია?

 

ვინ იფიქრებდა, რომ 2022 წელს ეს წარმოდგენები ხუხულასავით დაიშლებოდა, დაიშლებოდა კი არა, სწორედ ჩვენ, ქართველებს დაგვემხობოდა თავზე? თურმე მიზანი გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს საშუალებებს. მსოფლიოს ახალი გადანაწილების სამკვდრო-სასიცოცხლო პროცესში თუ პატარა საქართველო იტყვის, რომ არ გადადგამს მისი ხალხისთვის საზიანო ნაბიჯებს, მყისიერად ჩაირთვება წესებს, კანონებსა და სამართლიანობის პრინციპებს შორს აცდენილი საშუალებები, რომლებმაც პოლიტიკის „მაყურებელი“ დასახულ მიზნამდე უნდა მიიყვანოს.

 

კარგი... თუ გულახდილი საუბარია, გულახდილი საუბარი იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დეკლარირებული პრინციპების უგულვებელყოფის მსხვილ-მსხვილმა შემთხვევებმა ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში გააჩინა ეჭვი, რომ, „საჭიროებებიდან გამომდინარე“, „გადახვევები“ მოსულა. „შუქურას ეპოქამ“ ილუზიებს წერტილი დაუსვა და დაგვარწმუნა, რომ ზესახელმწიფოსთვის კოლონიური მართვის ფორმა „პარტნიორული ურთიერთობის“ ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა, თუ რა თქმა უნდა, „პარტნიორი“ ამის საშუალებას იძლევა.     

 

შვეიცარიაში განვითარებული მოვლენები ყველა იმ იმედგაცრუებას, ყველა იმ დამსხვრეულ იდეალებს აღემატება, რაც „ერთიანი დასავლეთის“ მედროშის, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ბოლოდროინდელი „ჩავარდნებით“ დაგროვდა ყველა მიმართულებით და ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

 

... და ამის მიზეზი გახდა კავკასიის ერთი პატარა სახელმწიფო, საქართველო, რომლის რუსეთთან ომში ჩართვაც უკვე პრინციპის საქმედ გაუხდიათ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“.

 

გუშინწინ მსოფლიომ ორი სრულყოფილებამდე მისული, იოტისოდენა ცდომილების გარეშე მოქმედი მექანიზმის - შვეიცარული საათის და შვეიცარული ბანკის - არსებობა უწყოდა. გუშინ მეორე მითი მთლიანად, მცირე ნაწილაკებამდე დაიმსხვრა, ნაცარტუტად იქცა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ერთადერთი, ვისაც ამ არნახული მასშტაბის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე შეიძლება პასუხისმგებლობა აეღო, ამერიკის შეერთებული შტატებია.

დღეს?.. ხვალ?.. რა იქნება დღეს და ხვალ?..

 

ბანკის, მთლიანად საბანკო სისტემის და მთლიანად სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას, დომინოს ქვებივით მიჰყვა ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფის კონკრეტული გამოვლინებები, მე ვიტყოდი - დაუჯერებელი კონკრეტული გამოვლინებები:

კერძო საკუთრების უფლების ხელყოფა; სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფა; სიტყვის თავისუფლების ხელყოფა; თავისუფალი მედიით სარგებლობის უფლების ხელყოფა; პირადი თავისუფლებისა და საკუთარი გადაწყვეტილების უფლების ხელყოფა...

 

მართლაც დაუჯერებელ და წარმოუდგენელ პრეცედენტთან გვაქვს საქმე. თვალსა და ხელს შუა გვემსხვრევა უკვე სისხლში გამჯდარი რწმენა, სახელმწიფოსა და პიროვნების თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის დემოკრატიული სისტემის უალტერნატივობის შესახებ და საერთოდ - გვემსხვრევა რწმენა დემოკრატიული სისტემის, როგორც ასეთის, არსებობის შესაძლებლობის შესახებ.

 

ვფიქრობ, შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალი ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების გატარებაშია. დადგა დრო, ამ დიდი მსოფლიო მისიის მქონე სახელმწიფომ თავის თავთან აღიაროს, რომ ჰეგემონის როლის შენარჩუნების მიზნით პარტნიორების დასუსტება (ევროკავშირი) და საზარბაზნე ხორცად გამოყენება (უკრაინა, საქართველო) კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ მეორე მხარეს, მოწინააღმდეგეს აძლიერებს.

 

მანამდე... მანამდე მოგვიწევს ბეწვის ხიდზე სიარული.

 

 

ბიძინა  დვალი

06.08.2022 წ.

 

    

right_banner right_banner
არქივი
right_banner