რეინჯერთა მსოფლიო დღე, წელს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში აღინიშნა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა. სწორედ მისი შექმნით იწყება საქართველოში დაცული ტერიტორიების ისტორია და განვითარება.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დროს, სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გმირებს.
„მინდა მივულოცო ყველა რეინჯერს რეინჯერთა დღე, მადლობა გადავუხადო და ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის არჩევისა და დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჩვენი უნიკალური ბუნების საგანძურს 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-ზე მეტი რეინჯერი იცავს. თითოეული მათგანი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, სისუფთავის უზრუნველყოფას და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას. რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისს აღინიშნება. ამ დღეს წელს დაგვიანებით აღვნიშნავთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქე 8 გმირი პროფესიონალი შეიწირა”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
110 წლის წინ, 1912 წელს, საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია - ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა იყო. დღეს საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 800 000 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს შეადგენს. ბუნების დაცვის პროცესში აქტიურად არიან ჩართული რეინჯერები. თითოეული მათგანი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო რეინჯერთა პროფესიულ დღეს 2017 წლიდან აღნიშნავს. წელს, სააგენტომ, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 40-ზე მეტი რეინჯერი დააჯილდოვა მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.
რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა.