დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახალი აფეთქებები მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იანა დაბიჟამ, ენერგოდარის საქალაქო საბჭოს საქმეთა ხელმძღვანელმა, მოსახლეობა უკონტროლო ბირთვული კატასტროფის სერიოზული საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
„მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას ეშინია პუტინის მიერ მართული ბირთვული იარაღის, ენერგოდარში ნებისმიერ მომენტში არის უკონტროლო ბირთვული კატასტროფის რისკი“, - დასძინა ენერგოდარის საქალაქო საბჭოს საქმეთა ხელმძღვანელმა.
ოფიციალური პირის თქმით, ოკუპირებულ ქალაქში რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას.