„სანამ ტერორისტული სახელმწიფო, რუსეთი, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბომბავს, მსოფლიოში თავს უსაფრთხოდ ვერავინ იგრძნობს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებს შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.
„დღეს ვესაუბრე ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ, იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით.
ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რაღაც გამოუსწორებელი რომ მოხდეს, არავინ შეაჩერებს ქარს, რომელიც რადიოაქტიურ დაბინძურებას გაავრცელებს, ამიტომ, საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი უნდა ჰქონდეს რუსეთის მოქმედებებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში რუსი დამპყრობლები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას აქტიურად ბომბავენ.