საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან დღემდე ვხედავთ რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, რისი დასტურიცაა ომი უკრაინაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერსპექტივიდან და ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ.
„დღეს საქართველოს სახელმწიფო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან. ეს წლები ერთი მხრივ არის ის წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს - 400-ზე მეტი დაღუპული და 2000-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სათანადო რეაგირება, შესაძლოა 2008 წელს არ გვქონდა საერთაშორისო საზოგადოებისგან, ვნახეთ, თუ რა მოჰყვა ამას 2014 წელს უკრაინაში, ვნახეთ, როგორ გაგრძელდა ეს 2022 წელს უკრაინაში, ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი და მნიშვნელოვანია, სწორედ ამ პერსპექტივიდან და ამ გადმოსახედიდან ჩვენ ვიცოდეთ, თუ რამხელა რისკები არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.